რუბრიკები
ზაქარეიშვილი - თუ უკრაინა დასავლურ ორიენტაციას არ შეიცვლის ყირიმსაც გადაარჩენს (ვიდეო)
ჩვენ,  ქართველები და უკრაინელები,  თუ  გავჩერდით რუსეთი გამარჯვებული გამოვა. ამიტომ,  არ უნდა გავჩერდეთ.  ამის შესახებ  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ზუგდიდში განაცხადა.  მისივე თქმით,  რუსეთთან მაქსიმალურად უნდა მოხდეს ინსტიტუციონალური დისტანცირება და ისეთ ინსტიტუციებში ინტეგრაცია,  როგორებიცაა ევროკავშირი  და ნატო. "შუა გზაზე თუ გავჩერდით მოგვივა ის, რაც მოუვიდა ლოტის ცოლს,  ძველი აღთქმიდან - მარილის სვეტად  გადავიქცევით.  თუ უკრაინელები  არ გაჩერდებიან და დასავლურ ორიენტაციას არ შეიცვლიან , დონბასსაც გადაარჩენენ და ყირიმსაც.  ჩვენც ასე ვართ, ჩვენ გვიყურებს აფხაზეთი და ოსეთი  და თუ გასაღების ძებნა ისევ რუსეთში დავიწყეთ- არაფერი გამოვა ", - თქვა  პაატა ზაქარეიშვილმა. მისი სიტყვებით, რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური რუკის გადახედვა ჯერ კიდევ 2007 წლის მიუნხენის კონფერენციაზე, პუტინის გამოსვლით  დაიწყო, რომელიც მინისტრის თქმით, მაშინ მსუბუქად შეაფასეს, რასაც შედეგად რუსეთ-საქართველოს ომი მოჰყვა. "თითქმის არავინ ელოდა ასეთ შედეგებზე გასვლას, პირველ რიგში უკრაინელ ხალხს ვგულისხმობ და ექსპერტებს. ეს არის ყირიმის ასეთი ფორმით, ამ ეტაპზე,  დაკარგვა და საომარი  მოქმედებები, რომელიც დღეს დონბასში  მიმდინარეობს . ეს არის რუსეთის მცდელობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მოახდინოს გეოპოლიტიკური რუკის გადახედვა ან შენარჩუნება  აღმოსავლეთ ევროპაში", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა ზუგდიდში საზოგადოებრივი ორგანიზაციის "სინერგია" მიწვევით იმყოფება.  ის ზუგდიდში მოქალაქეებს შეხვდება და კონფლიქტის თემაზე დისკუსიას გამართავს.
Print