რუბრიკები
ასოციაციამ "ათინათი" ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში  ასოციაცია „ათინათმა“ პროექტის „საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებაში“ ფარგლებში შეხვედრა გამართა. მას მერის მოადგილე კობა ჯიქია,  მერიის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და  საზოაგდოებასთან ურთიერთობის  სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტს, რომლის  მიზანია რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, სამეგრელო-ზემო  სვანეთის მხარეში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს. ასოციაცია "ათინათის" გამგეობის თავჯდომარემ გია ხასიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მათი მიზანია  2016-2018 წლების რეგიონული განვითარების სამოქმედო გეგმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. ამისთვის, პროექტის ფარგლებში მოქალაქეებთან  შეხვედრები და კონსულტაციებია დაგეგმილი. "საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა კეთდება და რის გაკეთებას გეგმავს ხელისუფლება რეგიონში. შესაძლებელია, მოქალაქეებმა დააყენონ პრობლემური საკითხები და ეს თქვენ მომავალში გაითვალისწინოთ", - თქვა გია ხასიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრისას. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში,  ადგილობრივ თვითმმართველობებში შეირჩევა ერთი საკონტაქტო პირი, რომელიც პასუხს აგებს მოქალაქეებთან კომუნიკაციაზე,  საჩივრებისა და  თხოვნების კონსოლიდაციაზე. ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებმა პროექტი მოიწონეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება თვითმმართველობისთვის. "მოსახლეობა ნამდვილად არ არის სათანადოდ ინფორმირებული, თუ რა ხდება და რისი გაკეთება აქვს ჩაფიქრებული მუნიციპალიტეტს. აქედან გამომდინარე,  მოსახლეობის ინფორმირებულობა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლებელია, მომავალში მოხდეს მოსახლეობის მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინება რეგიონული დაგეგმარების პროცესში ", - განაცხადა კობა ჯიქიამ. პროექტს სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სიდა", 10 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად (სამოქალაქო ორგანიზაციების რეგიონული ქსელის წევრები), ახორციელებს.    
Print