ასოციაცია "ათინათში" რეგიონში დაგაგმილი პროექტების შესახებ დისკუსია გაიმართა (ვიდეო)
19:08 / 27.02.2015
ასოციაცია „ათინათის“ საკონფერენციო დარბაზში პროექტის „საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებაში“ ფარგლებში დისკუსია გაიმართა. მას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ზუგდიდის გამგეობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის, საჯარო სკოლებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელთა განხორციელება რეგიონში უახლოესი წლების განმავლობაში იგეგმება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა იასონ შეროზიამ შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ უახლოესი სამი წლის მანძილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 65 პროექტი განხორციელდება, აქედან 5 პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ზუგდიდიში ასევე დაიწყება 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი, რომლის ღირებულება 130 მილიონი აშშ დოლარია.
შეხვედრის მონაწილეების ნაწილის თქმით, რეგიონში დაგეგმილი პროექტების შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ და საჭიროა მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია.
"მე, როგორც მოქალაქეს, ჩემს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ინსტანციების გავლა არ უნდა მჭირდებოდეს. ეს უნდა იყოს ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი. შეიძლება, რაღაც პროექტები არსებობდეს, მაგრამ ამის შესახებ ფართო საზოგდაოებისთვის არასოდეს არ არის ცნობილი. ", - თქვა შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის "საუნჯე" წარმომადგენელმა ციცინო შენგელიამ.
"რესპუბლიკა ბანკის" მმართველმა დავით ვერავამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორის განვითარების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორს ქალაქის განვითარების გეგმის არარსებობა წარმოადგენს.
" პირველ რიგში ინვესტიორები კითხულობენ: აქვს თუ არა ქალაქს განვითარების გეგმა. არკვევნ, რომ არა აქვს, იხურავენ ქუდს და მიდიან", - თქვა დავით ვერავამ შეხვედრაზე.
გარდა ამისა, მოქალაქეებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც მათ აწუხებთ. მათ შორის, მოუწესრიგებელი ტროტუარებსა და შიდა გზებზე,სოფლის ბიბლიოთეკების არასებობაზე, სკოლების წინ ე.წ. "მწოლიარე პოლიციელის" დამონტაჟების აუცილებლობაზე და ა.შ.
ცნობისთვის, პროექტს, რომლის მიზანია რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები