ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების ახალი გამოცემების პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
11:39 / 02.03.2015
ზუგდიდის არტ-გალერეაში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების „თეთრი ბაირაღები“ და „HELLADOS“ ახალი გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გამომცემლობა "ინტელექტმა" მოაწყო. "ეს არის ერთ-ერთი იშვიათი გამოცემა, რომელიც ფსიქოლოგიურად, შეიძლება გზა იყოს მწერლის პიროვნების, მისი პორტრეტის, შესაქმნელად“, - თქვა "ინტელექტის" მთავარმა რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ „HELLADOS“-ზე საუბრისას. მან „თეთრი ბაირაღებზეც" ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში ასევე შევიდა მწერლის ხელნაწერი ნამუშევრის ფრაგმენტები , ავტორის მეუღლის მიერ ნოდარ დუმბაძისთვის საპატიმროში გაგზავნილი ბარათები, პირადი მიმოწერა, მწერლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული, იურიდიული დოკუმენტები. შეხვედრას მწერლის ქალიშვილი მანანა დუმბაძე დაესწრო.
პრეზენტაციის ფარგლებში გამოიფინა მხატვარ დეა სოსელიას მიერ შესრულებული „HELLADOS” -ის ილუსტრაციული ნამუშევრები.
ახალი გამოცემების პრეზენტაციის შემდეგ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი "დაბრუნება" გაიმართა.
სპექტაკლს ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი მანანა დუმბაძე დაესწრო, რომელმაც მოიწონა სცენარის ავტორის, რეჟისორის და მსახიობების ნამუშევარი და აღნიშნა, რომ ნოდარ დუმბაძის პროზის მიმართ შემოქმედებითი ჯგუფის დამოკიდებულება სწორედ ისეთია, როგორიც, მისი თქმით, თავად ავტორს ჰქონდა წარმოდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები