რუბრიკები
ზუგდიდის საკრებულოს წევრი - შამგონის მოსახლეობა დაპირებების შესრულებას ითხოვს (ვიდეო)
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შამგონის მაჟორიტარმა დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან"  ზაზა ხუბუამ სოფლის მოსახლეობის სახელით, გამგებელის მიმართ პრეტენზიები გამოთქვა. მისი თქმით, ედიშერ თოლორაია  თავს არიდებს მისი სოფლის  მაცხოვრებლებთან  შეხვედრას და არც მიცემულ დაპირებებს ასრულებს. დღევანდელ სხდომას სოფელ შამგონის რამდენიმე მკვიდრიც ესწრებოდა. "აქ მოსვლისას სულ გვატყუებს. როდის დამთავრდება ეს ტყუილების სერიალი. თავის კაბინეტში კაციშვილს არ ღებულობს. წელიწადნახევარია არჩეულია და მას მოსახლეობა არ იცნობს", - განაცხადა ზაზა ხუბუამ სხდომაზე. აღნიშნული განცხადებებისა და საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია სოფელ შამგონის რამდენიმე მკვიდრს, ზაზა ხუბუასთან ერთად, თავის კაბინეტში შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზაზა ხუბუამ და მისმა თანასოფლელებმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.  ხუბუას არც თავის განცხადებებთან დაკავშირებით გაუკეთებია რაიმე განმარტებები. შესაბამისად,  ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა, თუ რას გულისხმობდა "ქართული ოცნების" დეპუტატი "შეუსრულებელ დაპირებებში". შეხვედრის დეტალებზე პასუხის გაცემა ასევე არ ისურვა საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ღურწკაია ზაზა ხუბუას ბრალდებებს გაუგებარს უწოდებს. "იმის თქმა, რომ გამგებელი ედიშერ თოლორაია მოსახლეობას არ იღებს, არის დიდი ტყუილი. გამგებელი მიღების დღეების გარდა, მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმშიც ხვდება. რაც შეეხება, ხუბუას განცხადებებს  დაპირებებთან დაკავშირებით, ჩვენთვის უცნობია კონკრეტულად რას გულისხმობდა იგი.  გარდა ამისა, გამგებელს სოფელში თავისი წარმომადგენელი ჰყვას და მოსახლეობის პრეტენზიებისა  თუ მოსაზრებების შესახებ მას ინფორმაცია ყოველთვის აქვს. შამგონასთან დაკავშირებით  რაიმე სახის ინფორმაცია თუ წერილი გამგეობაში არ შემოსულა", - აცხადებს მაია ღურწკაია.  
Print