ზუგდიდში გამგებლის მოადგილეს თავს დაესხნენ (ვიდეო)
13:58 / 09.03.2015
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიას თქმით, მას დღეს საკუთარ კაბინეტში, ქალაქ ზუგდიდის მერიის "კეთილმოწყობის ცენტრის" უფროსი მამუკა ციმინტია და მისი მოადგილე დიტო სოსელია თავს დაესხნენ. მისივე განცხადებით, თავდამსხმელები მას დახრჩობას უპირებდნენ და მესამე სართულიდან გადაგდებით ემუქრებოდნენ. სართანია ფიქრობს, რომ მასზე პოლიტიკური თავდასხმა განხორციელდა. სართანიას თქმით, ერთ-ერთი თავმდამსხმელი, მამუკა ციმინტია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის თენგიზ გუნავას ქვისლია. გამგებლის მოადგილე სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს.
"ვიყავით ერთ ადგილას და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 21 მარტს დაგეგმილ აქციაზე ვსაუბრობდით. ამ დროს ვთქვით, რომ ის ხალხი, რომლებიც თვითმმართველ ორგანოებში არიან დასაქმებულები, შემჩნეულები არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში. ამ ხალხს ალბათ ის არ მოსწონს, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ იმ კადრების, რომლებიც მერიასა და გამგეობაში არიან დასაქმებულები. ისინი "ნაციონალური მოძრაობის" "გადმონაშთები" არიან და ცდილობენ ხელი შეუშალონ ხელისუფლებას ქვეყნის მართვაში", - აღნიშნა გიზო სართანიამ.
სართანიას თქმით, აღნიშნულ თავდასხმამდე იგი საკრებულოს წევრს, კახა მიქაიას ტელეფონით ესაუბრა ესაუბრა და "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ აქციის დაგეგმვა შესთავაზა.
"მიქაიასთან ვსაუბრობდი ე.წ. სამალავებში აღმოჩენილ სიაზე, რომლის მიხედვით ნაციონალები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვეაში, შურს იძიებდნენ. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ჩემზე თავდასხმა. არ ვიცი ვინ მიაწოდა ინფორმაცია", - თქვა გიზო სართანიამ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდის მერია კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები