ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მარათონი გაიმართა (ვიდეო)
16:34 / 09.03.2015
9 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მარათონი გაიმართა. გარბენში მხოლოდ ქალები მონაწილეობდნენ. ღონისძიება ასოციაცია „მერკურის" ორგანიზებით მოეწყო.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნანა თოდუას თქმით, მარათონი მიზნად ისახავდა ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციას, ქალთა ფიზიკურ აქტივობასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
მესამე და მეორე ადგილის მფლობელებს სალომე ღულათავას და თამარ წულაიას ევროკავშირის მიერ დაწესებული პრიზები და მედლები გადაეცათ. პირველი ადგილის მფლობელს - „ყველაზე სწრაფ" მონაწილეს მეგი ხასაიას, ევროკავშირის პრიზთან და მედალთან ერთად, ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესის" აღმასრულებელმა დირექტორმა გერონტი ყალიჩავამ საჩუქრად გლობუსი და სიგელი - “მის სამეგრელოს მარათონელი“ გადასცა. გარდა ამისა, პირველი ადგილის მფლობელმა სასტუმრო „PALM- BEACH” - ის ადმინისტრაციისგან საჩუქრად ორდღიანი დასვენების სრული პაკეტი მიიღო.
ამასთან, მარათონის ყველა მონაწილე პოლონური პარფიუმერული კომპანია“ ZAJA“ სასაჩუქრე პაკეტით დასაჩუქრდა. მარათონი კონცერტით დასრულდა.
ღონისძიების სპონსორები იყვნენ: UNDP (Small Grant programs), პოლონური პარფიუმერული კომპანია ZAJA და სასტუმრო „PALM- BEACH”. ღონისძიებას საინფორმაციო მხარდაჭერა რადიო „ათინათმა" და ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესმა" გაუწია.
მასალის გამოყენების პირობები