"ოცნებისა" და "ნაციონალების" მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)
14:49 / 15.03.2015
ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი ლევან კონჯარია. დაშავებულები ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“ქართული ოცნების” აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 21 მარტს დაგეგმილი აქცია გააპროტესტეს.
ამის შემდეგ “ქართული ოცნების” აქტივისტებმა “თავისუფალი ზონის” ოფისთან გადაინაცვლეს, რადგან მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი აკაკი მინაშვილი იმყოფებოდა. სწორედ აქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომლის შედეგად დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცავები.დაზიანებები მიიღო “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა აქტივისტმა.
დაპირისპირება მოგვიანებით “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთანაც მოხდა, სადაც აქციის მონაწილეები ისევ დაბრუნდნენ.დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს.
ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია და ორივე ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებენ. ინფორმაცია დაკავებულების შესახებ არ ვრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები