ხობის საკონკურსო კომისიას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ (ვიდეო)
18:02 / 17.03.2015
დღეს ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა ქართლოს ჯობავამ ბრიფინგი გამართა. ყოფილი კონკურსანტი ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას არაობიექტურობაში ადანაშაულებს. ის კომისიის მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას უნდობლობას უცხადებს. კერძოდ, ქართლოს ჯობავას პრეტენზიები გასაუბრების ეტაპთან დაკავშირებით აქვს და მისი თქმით, ბრძოლის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავს. მას აპლიკაცია ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის პოზიციაზე ჰქონდა შეტანილი.
გარდა ამისა, ჯობავამ ბრიფინგზე კომისიის ერთ-ერთ წევრზე - ტრანსპორტისა და მგზავრების პროფკავშირის პრეზიდენტ ლავრენტი ალანიაზე ისაუბრა. ყოფილი კონკურსანტი ამტკიცებს, რომ კანონის თანახმად, ალანიას არ ჰქონდა კომისიის წევრობის უფლება.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია აპლიკანტის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ხობში კონკურსი ობიექტურად ჩატარდა.
ხობის გამგებლის განმარტებით, , ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის პოზიციაზე აპლიკაცია ასევე შეტანილი ჰქონდა, კონკურსში გამარჯვებულ, ბუთხუზ ხორავას, რომელმაც გასაუბრების ეტაპზე უკეთესი შედეგი აჩვენა და კომისიამ, შესაბამისად, უპირატესობა მას მიანიჭა .
ტრანსპორტისა და მგზავრების პროფკავშირის პრეზიდენტ ლავრენტი ალანიასთან დაკავშირება რადიო"ათინათმა" ვერ შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები