ზუგდიდში მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს (ვიდეო)
13:15 / 18.03.2015
ზუგდიდში, სავაჭრო ცენტრის "ალიანსი" მოვაჭრეების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ გასულ კვირას საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებმა საკასო-სალარო აპარატების უქონლობის გამო, გაფრთხილების ოქმები გადასცეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ საკასო აპარატების დადგმა არ ევალებათ, რადგან ფიქსირებულ გადასახადს იხდიან. გარდა ამისა, მათი განცხადებით, ხელისუფლების პირობის თანახმად, საკასო აპარატების დადგმა 2016 წლის 1 იანვრამდე არ მოეთხოვებოდათ.
"1 აპრილამდე უნდა გვქონდეს საკასო აპარატები, წინააღმდეგ შემთხვევაში - დაგვაჯარიმებენ. ჩვენ დახლზე მოვაჭრეები ვართ და გადასახადს დახლის მეტრაჟის მიხედვით ვიხდით. დათმობას არ ვაპირებთ, აქციებს არ შევწყვეტთ", - ამბობენ მოვაჭრეები.
ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ საკასო-სალარო აპარატების დადგმის თარიღს არ გადაუვადებს, ისინი თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 21 მარტს დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
სავაჭრო ცენტრის "ალიანსი" ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალეკო ჩახაიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ადმინისტრაციას აქციასთან კავშირი არა აქვს და დანამდვილებით არ იცის მოვაჭრეთა რა ნაწილს ევალება საკასო-სალარო აპარატების ქონა.
"აქციის გამართვის უფლება ყველას აქვს. ჩვენი მითითებით აქცია არავის გაუმართავს. არ ვიცი, როგორ იქნება, გასარკვევია...საკასო აპარატი ნაწილს ეკუთვნის ნაწილს არა", - ამბობს ალეკო ჩახაია.
მასალის გამოყენების პირობები