რუბრიკები
ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
ზუგდიდში ძლიერი ქარის გამო რამდენიმე სოფელი დაზარალდა. გამგებლის პრესამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ძლიერმა ქარმა სახურავი დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ რამდენიმე ობიექტს და 7 კერძო სახლს გადახადა. ასევე დაზიანებულია რამდენიმე საბავშვო ბაღისა და სოფელ ჩხორიის გამგეობის სახურავი. "ძლიერი ქარის გამო დაზიანებულია და სახურავის ნაწილი ახდილი აქვს დევნილთა ჩასახლებებს სოფლებში: ოდიში, ოქტომბერი და რუხი. ასევე, დაზიანებულია ჭითაწყარისა და ონარიის საერთო საცხოვრებლები. წაქცეულია ხეები და ელექტოენერგიის ბოძები, რის გამოც დაბალი ზონის სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. პრობლემების აღმოსაფხვრელად "ელექტრო-პრო ჯორჯიასთან" ერთად, გამგეობის კეთილმოწყობის სამსახური ინტენსიურად მუშაობს", - განაცხადა რადიო "ათინათთან" საუბარში ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზარალის დამთვლელი კომისია უკვე შეიქმნა და ზარალის ზუსტი ოდენობა, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
Print