რუბრიკები
ზუგდიდში საჯარო მოხელეებს ნარკო-ტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებენ (ვიდეო)
პოლიტიკური პარტიის "ბურჯანაძე-დემოკრატები"  ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი გოგიტა ბიგვავა ქალაქ ზუგდიდის თვითმმართველობის წარმომადგენლებს ნარკო-ტესტის ჩატარებას ურჩევს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე  განუცხადა. ბიგვავას თქმით, საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ ქალაქის საკრებულოსა და მერიის ზოგიერთი თანამშრომელი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებელია. მას კონკრეტულად საჯარო მოხელეების ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამ პირებს მნიშვნელოვანი თანამდებობები უკავიათ. "საზოგადოებაში არსებული ნებისმიერი აზრი არის მნიშვნელოვანი და საჭიროებს პასუხს. ამიტომ, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ჩვენი წარმომადგენელი თენგიზ ხარჩილავა იქნება მაგალითი და ის პირველი  ჩაიტარებს ნარკო-ტესტს", - თქვა გოგიტა ბიგვავამ. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადებებს უსაფუძვლო უწოდა. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ თუ ამის საჭიროება რეალურად დადგება, ის პირველი იქნება, ვინც უახლოეს დღეებში ნარკოლოგიურ შემოწმებას გაივლის. "ვიცი, რომ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულ მოხელეებს  ნარკოლოგიური შემოწმების  შესახებ ცნობები მოტანილი აქვთ. თუ ვინმე გამონაკლისია, ის უახლოეს დღეებში წარმოადგენს ამ ცნობას. ამასთან,  მინდა აღვნიშნო, რომ თვითმმართველობის ორგანოს იმიჯის შელახვის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია ასეთ შემთხვევაში კონკრეტული პირები დასახელდნენ, - თქვა რადიო "ათინათთან" საუბარში მერაბ ქვარაიამ.  
Print