რუბრიკები
2015 წელს Google-ს რუკაზე საქართველოს 5 ქალაქი სრულად განთავსდება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს Google-ს რუკაზე 5 ქალაქის მონაცემების გადატანას დაასრულებს. ინტერაქტიულ რუკაზე სრულად განთავსდება ინფორმაცია თბილისის, გორის, რუთავის, მცხეთისა და ფოთის შესახებ. Google map-ზე აისახება შენობები, გზები, მისამართები, ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, მდინარეებისა და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ. Google map-ზე თბილისის შესახებ ინფორმაცია თითქმის სრულადაა განთავსებული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გლდანი-ნაძალადევის რაიონის შესახებ ინფორმაციის განთავსება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკვე მეოთხე წელია გეოგრაფიულ-სივრცობრივ მონაცემებს აგროვებს და მუდმივად მუშაობს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულყოფილად იყოს ასახული. Google-ს პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სრული ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ნავიგაციის სისტემის, ტურიზმისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. შეგახსენებთ, Google-ს რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია ორწლიანი, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2011 წელს გაჩნდა. ამჟამად უწყება Google maps-ის რეგიონალური ადმინისტრატორია. რუკაზე მუშაობა მუდმივი, უწყვეტი პროცესია და ამ მიმართულებით სააგენტო საქმიანობას კვლავაც აგრძელებს.
Print