რუბრიკები
მინისტრის კომენტარს ზუგდიდში "ნაციონალები" და დევნილები გამოეხმაურნენ (ვიდეო)
ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და დევნილების ნაწილმა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის კომენტართან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება პარტიის ოფისში გააკეთეს. მათ მინისტრის კომენტარი დაგმეს და "საქმის კეთებისკენ" მოუწოდეს. დევნილების თქმით, ისინი დათმობას არ აპირებენ და სამინისტროს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.  20-ზე მეტი დევნილი, რომელმაც ამ ეტაპზე ახლადაშენებულ კორპუსებში  ბინა ვერ მიიღო, აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საკუთარი ნებით მივიდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და ზუგდიდის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ მინისტრს მიმართა და უკმაყოფილო დევნილებთან შეხვედრა ურჩია. "საკრებულოში ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა და ჩვენთან  ერთად მოხდა ტერიტორიების შერჩევა, დაიგეგმა დევნილთათვის კორპუსების მშენებლობა. ჩვენ 8 კორპუსის მშენებლობა გვქონდა დაგეგმილი, თქვენ დამატებით ორი მაინც ააშენეთ და დევნილები დააკმაყოფილეთ", - თქვა ლევან კონჯარიამ. აფხაზეთიდან დევნილების თქმით, ბინების უსამართლო გადანაწილების რამდენიმე ფაქტი მათთვის ცნობილია. "ბატონო მინისტრო, ჩვენ არაფერი დაგვემალება, შეიძლება იფიქროთ, რომ ჩვენ გაუნათლებლები ვართ, არა- ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი საქმე, 22 წელია ვსწავლობთ ჩვენს უფლებებს",- თქვა აფხაზეთიდან დევნილმა ნონა შეროზიამ. დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ფართების გადაცემის საკითხზე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დასმულ კითხვის ნიშნებს “ბოდვას” უწოდებს. მინისტრი დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესში რაიმე სახის კანონდარღვევას გამორიცხავს.   
Print