ანა წითლიძე- საჯარო მოხელეებზე გაცემული პრემიები არასახელმწიფოებრივი აზროვნებაა (ვიდეო)
15:40 / 09.04.2015
„ზუგდიდის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა და საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ ზუგდიდის მერიის თანამშრომლებზე გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. წითლიძის თქმით, მერიის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების რაოდენობა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის, ლარის გაუფასურებისა და გაორმაგებული ხელფასების ფონზე, არასახელმწიფოებრივ აზროვნებაზე მიუთითებს.
„ჩვენთვის გაუგებარია რა პრინციპით გაიცა პრემიები იმ ფონზე, როდესაც ზუგდიდის განვითარების ცენტრში 1 300 მოსწავლესა და მსემენელს, მათ შორის სოციალურად დაუცველ და დევნილ ბავშვებს, ფართის დაფინანსებაზე უარი უთხრეს. თანხა, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით 15 ათას ლარს შეადგენდა, გაცემული პრემიების რაოდენობა კი 130 ათასი ლარია“, - თქვა ანა წითლიძემ.
ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოგიას თქმით, მერიის თანამშრომლებზე პრემიები კანონის ფარგლებში გაიცა.
„საკრებულომ დაამტკიცა პრემიის გაცემის წესი და ჩვენ კანონის ფარგლებში პრემიის გაცემა წელიწადში 7-ჯერ შეგვიძლია. აქედან, კვარტალურად 4-ჯერ და სადღესასწაულოდ 3-ჯერ“,- თქვა ირაკლი გოგოხიამ.
ინტერნეტგამოცემა “ლაივპრესის“ ინფორმაციით, 2015 წლიდან დღემდე მერიაში გაცემული პრემიების ოდენობამ ჯამში 130 250 ლარი შეადგინა. გამოცემა პრემიების შესახებ ინფორმაციას, საჯარო წესით გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები