რუბრიკები
ზუგდიდში დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს (ვიდეო)
ზუგდიდში დევნილთა სამმართველოსთან  იძულებით გადაადგილებულმა პირებმა  მორიგი საპროტესტო აქცია  გამართეს. ისინი ბინების არაკანონიერად გადანაწილებას აპროტესტებდნენ.  აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ,  ამავე შენობის წინ, გზის გადაკეტვა სცადა, რისი უფლებაც მას პოლიციამ არ მისცა.  რასაც შეხლა-შემოხლა და დევნილთა  უკმაყოფილება მოჰყვა.   „ბინები არაკანონიერად გადანაწილდა ჯიპიან და შეძლებულ დევნილებზე. გაუსაძლის პირობებში მცხოვრები დევნილები კი უყურადღებოდ, დახმარების გარეშე რჩებიან. სიებში მოხვდნენ ის პირები,  რომლებმაც წინასწარ გადაიხადეს გარკვეული თანხა, ხოლო მათ ვისაც რეალურად ეკუთვნოდა, საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ."-აცხადებს აქციის მონაწილე ნონა შეროზია. დევნილებს სამმართველოდან არავინ გამოხმაურებია, რადგან უწყების ხელმძღვანელი დავით ნარსია თბილისში იმყოფება. დევნილებისთვის ბინების გადაცემის საკითხს კი დღეს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურნენ.  დევნილთა მინისტრის  სოზარ სუბარის თქმით, 1-ელ სექტემბრამდე საცხოვრებელი ბინები 10 000-მდე  დევნილს დაუკანონდება. „მხოლოდ დღეს, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 1600-მდე ადამიანი მიიღებს ბინას საკუთრებაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაახლოებით 400 ბინაზეა საუბარი. სულ 13 000 ასეთი ბინაა აღრიცხული, დაახლოებით 10 ათასი ადამიანი კი აცხადებს მის მიღებაზე თანხმობას. 1-ელი სექტემბრისთვის 10 ათას დევნილი მიიღებს საკუთრებაში ბინას და ისინი იქნებიან სრულუფლებიანი მესაკუთრეები", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.   ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 320 ოჯახზეა გათვლილი. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით,10 კორპუსი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა.  
Print