ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ანა წითლიძე ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოების დაჩქარებას ითხოვს. დეპუტატმა ამ თემაზე ბრიფინგი ანაკლიაში გამართა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დაგვიანებულმა სამუშაოებმა პატრიოტთა ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე მილიონობით ლარის ზარალი გამოიწვია და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.
"სამუშაოები თუ სწრაფი ტემპით არ გაგრძელდება ,ზღვა სერიოზულად დააზიანებს პატრიოტთა ბანაკს. ეს ხელისუფლება თუ ახალს ვერაფერს აკეთებს, სხვისი გაკეთებული მაინც შეინარჩუნოს", - თქვა ანა წითლიძემ.
ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობის ტემპით უკმაყოფილებას ასევე ადგილობრივი მოსახლეობა გამოთქვამს . მათი თქმით, შტორმის დროს წყალი ეზოში და ხშირ შემთხვევაში სახლშიც შედის.
"სამუშაოები ძალიან ნელა მიმდინარეობს. ნამდვილად საშიშროების წინაშე ვართ, ვხუმრობთ, მალე ალბათ პირდაპირ აივნიდან გადავხტებით წყალში", - თქვა ანაკლიის მკვიდრმა ნათელა შამახიამ.
ჰიდრო-საინჟინრო კომპანიის წარმომადგენელმა არჩილ სამუშიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამუშაოები უამინდობამ შეაფერხა. მისი თქმით, ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
"უშუალოდ ბანაკის ტერიტორიაზე რაც გაკეთებულია, ის დროებითია. სპორტის სამინისტრომ გვთხოვა, რომ დროებით რამე გაგვეკეთებინა.", - თქვა არჩილ სამუშიამ.
ცნობისთვის, ანაკლიაში დაგეგმილია 4-კილომეტრიანი დამცავი ზოლის მშენებლობა. ჩატარებული სამუშაოებისთვის 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროექტს „მოდერნ ბიზნეს გრუპი“ახორციელებს. მშენებლობას ზედამხედველობას კორეული კომპანია უწევს.
მასალის გამოყენების პირობები