მხარის გუბერნატორმა ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა (ვიდეო)
14:58 / 28.04.2015
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ სტუმრებს მესხიას უნივერსიტეტთან მომხდარი ინცინდენტის გამო ბოდიში მოუხადა. ამასთან, ის მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.
"ზოგიერთი მედია საშუალება აცხადებს, რომ აქ მხოლოდ ადგილობრივი მთავრობა არის წარმოდგენილი, თუმცა აქ მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები არიან. ასევე აქ იმყოფებიან პედაგოგები, ინტელიგენციის ნაწილი და ა.შ. თითქოს სამეგრელო მკვდარია და არ ინარჩუნებს თავის კულტურას, ეს ასე ნამდვილად არ არის. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, რომ დღევანდელი შეხვედრა ასეთი შეფერხებით დაიწყო", - თქვა შეხვედრაზე ლევან შონიამ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის NDI ორგანიზებით, შ. მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში უმრავლესობის წარმომადგენლები ეკა ბესელია, გია ვოლსკი, გიგლა ჟვანია და სხვები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ვიზიტი გააპროტესტეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა. აქციის მონაწილეები უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებს შორის იმყოფება ანაკლიიდან ჩამოსული ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი,რომელიც უმრავლესობისგან ანაკლიის შეჩერებულ პროექტებზე ინფორმაციას ითხოვს. შეხვედრის დაწყების შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალნენ.
მასალის გამოყენების პირობები