რუბრიკები
ზუგდიდში ახლადაშენებული კორპუსის მობინადრეები ლტოლვილთა მინისტრმა მოინახულა (ვიდეო)
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილებისთვის ახლადაშენებულ კორპუსს საქართველოს ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ესტუმრა. მინისტრს ახლდნენ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტების მენეჯერი კრისტოფ იზენმანი, გერმანიის საელჩოს ეკონომიკური ატაშე კატარინა ბერკონი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები და დევნილთა მინისტრის მოადგილეები. მათ დევნილებს ბინების მიღება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. „ძალიან დიდი სიხარულია დღეს 320 ოჯახისთვის, რომელმაც მიიღო მართლაც უმაღლესი ხარისხის ბინები გერმანიის მთავრობის დახმარებით. ამ ოჯახების გარდა არის უამრავი დევნილი, რომელიც დღემდე ელოდება თავის ბინას.  ეს მოთხოვნა რომ დავაკმაყოფილოთ, სავარაუდოდ ივნისის თვიდან გრანდიოზული მშენებლობა დაიწყება ბარამიას ქუჩაზე, სადაც 2000-ზე მეტი ოჯახი მიიღებს ბინას. აქ 3-4 წლის განმავლობაში 12 სართულიანი 30-34 ბინა აშენდება. პარალელურად, ინგირში 6 ჰექტარზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, სადაც ასევე დევნილებისთვის აშენდება კორპუსები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მანამდე, მინისტრმა სტუმრებთან ერთად, ცაიშის სანატორიუმის ყოფილი შენობა დაათვალიერა, სადაც დევნილები ახალ საცხოვრებელ სახლებში გადასვლამდე უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. „ჩვიდმეტი წელი ვცხოვრობდით გაუსაძლის პირობებში. ახლა რომ არ გადავეყვანეთ, ფაქტობრივად ვერ გავძლებდით. ერთხელ ცოტნიაშვილი მოვიდა ჩემთან, ვიწექი და რომ გავმთბარვიყავი ძაღლი მეწვა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ აფხაზეთიდან დევნილმა ინეზა ფარულავამ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ზუგდიდში, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის დაფინასებით 10 საცხოვრებელი კორპუსი ააშენა. ახლადაშენებულ კორპუსებში 320-მა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ფართი. პროექტის ღირებულება დაახლოებით 14, 5 მილიონ ლარს შეადგენს.
Print