ზუგდიდში სოზარ სუბარის სტუმრობის პარალელურად დევნილების ნაწილმა აქცია გამართა (ვიდეო)
16:01 / 29.04.2015
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებულ დევნილთა კორპუსებთან, ლტოლვილთა მინისტრის სტუმრობის პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი სამართალდამცავებმა კორპუსების ეზოში არ შეუშვეს. უკმაყოფილო დევნილებს ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი არ შეხვედრია, თუმცა მინისტრის წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ მინისტრის მოადგილეები მათ დევნილთა სამმართველოს შენობაში 5 საათის შემდეგ მიიღებდნენ და გაესაუბრებოდნენ, რამაც აქციის მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია.
„ხალხის მთავრობა თუ არის, 5 წუთი ვერ გამონახა ჩვენთან შესახვედრად, ეგერ დგას და აქ ვერ მოვიდოდა? რატომ მიიპარება? მინდოდა ამეხსნა ჩემი პირობები. სოფელ დიდინეძში სასიმინდე ნალიაში ორ ბავშვს ვზრდი. რატომ არ აწუხებს ეს, რატომ არ მიმიღო?“ - თქვა აფხაზეთიდან დევნილმა დალი ლატარიამ.
შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილებისთვის ახლადაშენებულ კორპუსს საქართველოს ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ესტუმრა. მინისტრს ახლდნენ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტების მენეჯერი კრისტოფ იზენმანი, გერმანიის საელჩოს ეკონომიკური ატაშე კატარინა ბერკონი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები და დევნილთა მინისტრის მოადგილეები. მათ დევნილებს ბინების მიღება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
„104 ოჯახი გამოვიდა ნგრევადი ობიექტებიდან, დანარჩენი ვინც შეირჩა, იყვნენ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაჭირვებულები არ დარჩნენ, მაგრამ მაქსიმალურად სამართლიანად მოხდა შერჩევა“, - თქვა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე უახლოეს თვეებში დაიწყება კორპუსების მშენებლობა, სადაც 2000-ზე მეტი ოჯახი მიიღებს ბინას.
„ აქ 3-4 წლის განმავლობაში 12 სართულიანი 30-34 ბინა აშენდება. პარალელურად, ინგირში 6 ჰექტარზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, სადაც ასევე დევნილებისთვის აშენდება კორპუსები“, - თქვა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ზუგდიდში, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის დაფინასებით 10 საცხოვრებელი კორპუსი ააშენა. ახლადაშენებულ კორპუსებში 320-მა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ფართი. პროექტის ღირებულება დაახლოებით 14, 5 მილიონ ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები