გზა-აფხაზეთამდე-სოფელ ფახულანში 4 კილომეტრიანი გზა კეთდება (ვიდეო)
13:37 / 02.05.2015
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფელ ფახულანში ოკუპირებულ საბერიომდე მისასვლელი 4 კილომეტრიანი გზა კეთდება. გზა, რომელიც 35 წელია არავის შეუკეთებია, პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას და ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც დანარჩენ საქართველოს მხოლოდ ამ გზით უკავშირდებიან.
გზის მშენებლობაზე მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ დაათვალიერეს. პირველ ეტაპზე ფახულანის გზაზე, სანიაღვრე არხების და გაბიონების მშენებლობა მიმდინარეობს, რის შემდეგ ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება დაიწყება, გზის გასწვრივ მოეწყობა გარეგანათებაც.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გზით ყოველდღიურად სარგებლობენ ის მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ. "35 წლის განმავლობაში ეს გზა არავის შეუკეთებია, ის ავარიული და გაუვალი იყო, თუმცა, ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ აქ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და სულ მალე ახალი გზა გვექნება. ამ პროექტით ისარგებლებენ როგორც ადგილობრივები, ასევე ის მოქალაქეები, რომლებიც ე.წ. საზღვრის მიღმა ცხოვრობენ, ასევე ის 17 მოსწავლე ,რომელიც ადმინისტრაციულ საზღვარს ყოველდღიურად კვეთს და საბერიოდან- ფახულანის ქართულ სკოლაში დადის სასწავლებლად“, – განაცხადა სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ.
ოკუპირებულ საბერიომდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოებისთვის 2 200 000 ლარი დაიხარჯება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი და წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლება ერთობლივად ახორციელებს. გეგმის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულდება. გზის რეაბილიტაციაზე 50-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული, მათი საშუალო ხელფასი ყოველთვიურად 800-900 ლარს შეადგენს. კონფლიქტისპირა სოფელში წელს ახალი საბავშო ბაღიც აშენდება, რომელიც 80 ბავშვზეა გათვლილი.
ლევან შონია და გოგა გულორდავა ფახულანის მაცხოვრებლებსაც შეხვდნენ და კონფლიქტისპირა სოფელში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისგან მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები