ზუგდიდში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი აღნიშნეს (ვიდეო)
16:51 / 09.05.2015
ზუგდიდში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები თაიგულებით შეამკეს.
ზუგდიდის მერიის ინიციატივით, ევროპის პარკში სიმბოლურად 70 ცალი ნეკერჩხლის ნერგი დაირგო. ღონისძიებას ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია, მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია და სხვა საჯარო მოხელეები დაესწრნენ.
მოგვიანებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატრონაჟითა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში მარათონი გაიმართა. გამარჯვებულები საჯარო მოხელეებმა და ომის ვეტერანებმა სიგელებითა და თასებით დააჯილდოვეს.
ასევე, მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტრადიციულად მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს 500–500 ლარი პირად ანგარიშზე ჩაურიცხა. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ– მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ომის ვეტერანები: კარლო ლაგვილავა, ნიკოლოზ შარია, სერგო ბუკია და ვლადიმერ ანთია მედლებით დაჯილდოვდნენ და ომის ვეტერანის საიუბილეო მოწმობები გადაეცათ.
მასალის გამოყენების პირობები