თხილის მავნებელის შესაწამლი ტექნიკა მუნიციპალიტეტებს გადაეცათ (ვიდეო)
17:08 / 13.05.2015
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურიშვილი მუნიციპალიტეტების სოფლის მეურნეობის სამსახურების უფროსებს, აგრონომებსა და ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრას ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია და საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მუნიციპალიტეტებს შესაწამლი ტექნიკა გადასცა. გოჩა ცოფურიშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მოხდება დამატებითი ტექნიკით უნზრუნველყოფა.
გუბერნატორმა ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაავალა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება დროულად მოხდეს და წამლობის პროცესი შეფერხებების გარეშე წარიმართოს. სამხარეო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის მთავარი შემოსავლის წყარო თხილია და აუცილებელია მავნებლის დროული განადგურება, რათა მან გავლენა არ იქონიოს თხილის მოსავალზე.
მოსახლეობამ წამლობისთვის ადგილობრივ გამგეობებს და სოფლის რწმუნებულებს უნდა მიმართოს, რის შემდეგაც ტექნიკა გამოიყოფა.
ხარაბუზა და თხილის ტკიპა ფერმერებს ბოლო წლებია დიდ პრობლემას უქმნის, მავნებელი განსაკუთრებით წელს მომრავლდა. ხარაბუზა ახმობს თხილის ნარგავებეს, ტკიპა კი თავად თხილის ნაყოფს ანადგურებს ადრეულ სტადიაზე.
მასალის გამოყენების პირობები