„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბაჩუკი ნაროშვილი წარადგინა. კუკავამ ერგეტელებს „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ერგეტელებს მოვუწოდებთ მხარი დაუჭირონ რეალური ოპოზიციის წარმომადგენლებს. არც ქოცები, არც ნაცები... ჩვენ ვნახეთ, რომ ესენი არც სამეგრელოს და მთლიანობაში, არც საქართველოს არ გამოადგებიან“, - თქვა კუკავამ. დეპუტატობის კანდიდატი ბაჩუკი ნაროუშვილის თქმით, ის მეზობელი სოფლიდან - ცაიშიდან არის, თუმცა მზადაა დეპუტატობის მანდატისთვის იბრძოლოს. მისი თქმით, ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო. „ლაპარაკი შემიძლია და საკრებულოში სათქმელს ყოველთვის ვიტყვი. მთავარია ხალხი მიხვდეს, რომ ახალი ძალაა საჭირო“, - უთხრა ჟურნალისტებს ბაჩუკი ნაროშვილმა. „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პროფესიით ინჟინერ - მექანიკოსია, თუმცა, ბოლო დროს სამარშრუტო ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში შუალედური არჩევნები 31 მაისს ჩატარდება. ცნობისთვის, ერგეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ნაპო გაბისონია მიმდინარე წლის 15 იანვარს გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები