რუბრიკები
ქობულეთში დაღუპულ მოზარდებს ზუგდიდში პატივი მიაგეს (ვიდეო)
ზუგდიდის ქორეოგრაფიული საზოგადოების წევრებმა ქობულეთის სასტუმროში ტრაგიკულად დაღუპული მოზარდების ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ დაღუპული ბავშვების სახელები სანთლებით გამოსახეს და თეატრალური წარმოდგენა მიუძღვნეს.  მოგვიანებით, დადიანების კარის ეკლესიაში დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ მოზარდების სულის მოსახენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ქობულეთში, 11 მაისს  სასტუმრო "არმაზი" დაიწვა, რასაც სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სასტუმროში ფოლკლორული ანსამბლის სიხარული 2-ის 30-ზე მეტი მოზარდი იმყოფებოდა. დაღუპულთა ასაკი 10-12 წელია.

ცეცხლწაკიდებული სასტუმრო პოლიციის ეკიპაჟმა შენიშნა და სახანძრო ბრიგადა გამოიძახა. მეხანძრეებმა 45 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ მიზეზად მოუწესრიგებელი ელექტროგაყვანილობა სახელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია რაც 9-იდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print