რუბრიკები
ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პერსპექტივები - დისკუსია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ოფისში მრგვალი მაგიდა  თემაზე „ახალგაზრდების როლი  და ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში“ გაიმართა. შეხვედრა პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში შედგა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს  სამშვიდობო პროცესში ჩართულმა ახალგაზრდა  ექსპერტებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგნლებმა. ერთ-ერთი მომხსენებლის ლევან გერაძის თქმით, კონფლიქტის მოგვარების საკითხებში  ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და შერიგების  პროცესი სწორედ აქედან უნდა დაიწყოს. მისი თქმით, 2008 წლის ომამდე, აფხაზებსა და ქართველობს შორის კარგი თანამშრომლობა არსებობდა. „ვახერხებდით გვეპოვნა საერთო ენა ბევრ პრობლემურ საკითხზე, სამწუხაროდ ჩვენგან - აფხაზებისა და ქართველების - დამოუკიდებლად ხელიც გვეშლებოდა, თუმცა, კონტაქტი მუდმივად არსებობდა. მე, როგორც ერთ-ერთ მონაწილეს, თავის დროზე,  ჟენევის მოლაპარაკებებისა, შემიძლია რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო. მაგალითად, აფხაზეთის ტერიტორიაზე  5 სამედიცნო პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ხორციელდებოდა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები. სამწუხაროდ აგვისტოს ომის შემდეგ ადამიანური ურთიერთობების საფუძვლებიც კი მოიშალა“, - თქვა შეხვედრაზე ლევან გერაძემ. დავით ჯიშკარიანის თქმით, კონფლიქტის დარეგულირებაში უდიდესი როლი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს ენიჭება. მისივე თქმით, ასევე,  რეგიონებში უნდა გაძლიერდეს თვითმმართველობა. იდეების გენერირება არა ცენტრში, არამედ ადგილზე უნდა მოხდეს. „თუ სამეგრელოს რეგიონი არ იქნა მიმზიდველი, არ იქნა ეკონომიკურად ძლიერი, მაშინ აფხაზებთან არა მარტო სალაპარაკო არ გვექნება, არამედ, გამოვა რომ ამ ადამიანებს ჩვენ მოვატყუებთ - შევთავაზებთ იმაზე მძიმე მდგომარეობას ვიდრე ისინი დღეს არიან. ჩვენ მოვიარეთ ზუგდიდი და ვნახეთ მოუწესრიგებელი გზები...რა უნდა ვუთხრათ, დაუშვათ,  ტყვარჩელელ კაცს? მოდი  და იგივე დანგრეულ  გზებზე იარე? აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს რეგიონების გაძლიერება და განვითარება“, - თქვა დავით ჯიშკარიანმა. მოუწესრიგებელ შიდა გზებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ უპასუხა. მისი თქმით, ბოლო წლებში ზუგდიდში 58 შიდაგზას გაუკეთდა რეაბილიტაცია. „ზუგდიდის გამგეობამ 2014 წელს 223 პროექტი განახორციელა და მისი საერთო ღირებულება   17 მილიონს აჭარბებდა.  ეს იყო შიდაგზები, გარე განათება,  წყალმომარაგება, მინი სტადიონების მშენებლობა, საბავშვო ბაღები და სხვა “, - თქვა  მაია ღურწკაიამ. პროექტი  საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ „მშვიდობისა და რეინტეგრაციის რეგიონალური ქსელის“, სომხური ორგანიზაცია „სიუნიკის“ და აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციის მიერ ხორციელდება.
Print