„რესპუბლიკელების“ ინიციატივა - ზუგდიდში მოხუცთა თავშესაფარი უნდა აშენდეს (ვიდეო)
19:06 / 20.05.2015
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციამ „ქართული ოცნება -რესპუბლიკელები“ დღევანდელ სხდომაზე ახალი ინიციატივა გააჟღერეს. ფრაქციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ზარქუამ აღნიშნა, რომ მათი სურვილია ზუგდიდში მოხუცთა და მიუსაფართა თავშესაფარი აშენდეს. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ფართის მოძიებაა საჭიროა, ხოლო მომდევნო წლის ბიუჯეტში მშენებლობის ხარჯები უნდა იქნეს გათვალისწინებული. ამავე ინიციატივის მიხედვით, თავშესაფრის მშენებლობის ხარჯები ზუგდიდის ორივე მუნიციპალიტეტმა თანაბრად უნდა გაიყოს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუას თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ინფრასტუქტურის მოწესრიგების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროდან და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ფინანსების მოზიდვა გაცილებით მარტივი იქნება.
„რესპუბლიკელების“ ინიციატივა საკრებულოს ყველა წევრმა მოიწონა. მათი თქმით, პროექტის განხორციელება აუცილებელია, რადგან მსგავსი თავშესაფარი რეგიონში არ არსებობს.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანიას თქმით, ისინი აღნიშნულ პროექტს მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტში ასახავენ.
მასალის გამოყენების პირობები