ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი მოკლა. მეზობლების თქმით, ქმარს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. მათ მეექვსე კლასელი გოგონა დარჩათ. დაკავებული სამართალდამცავებს თავად დაუკავშირდა და ჩაბარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შსს-მ ჩხოროწყუს რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული გია ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს."გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - 1981 წელს დაბადებულ ირა ფ-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით) მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები