რუბრიკები
საიას ზუგდიდის ოფისმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო (ვიდეო)
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები დემოკრატიული ჩართულობის ოფისში აქტიურ მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა ახალი პროექტის „ინფორმირებული მოქალაქეები საჯარო სამსახურში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი NDI-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების კამპანია, მოსახლეობასთან შეხვედრებით პრობლემების იდენტიფიცირება, საჯარო შეხვედრები თვითმმართველობის წარმომადგენელთა ჩართულობით, რეკომენდაციების შემუშავება და სხვა. შეხვედრაზე საუბარი იყი ადგილობრივი თვითმმართველობის არსსა და კომპეტენციაზე, აქტიური მოქალაქეების პრინციპზე და წარმატებული ადვოკატირების კამპანიის განხორციელების კომპონენტებზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, რომელთა შორის გამოიკვეთა საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემები, წყალმომარაგება - კანალიზაციის არ არსებობა და სხვა ინფრასტუქტურული პრობლემები. „ვფიქრობთ, რომ მოქალაქეები საკმაოდ აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში და კონკრეტული შედეგები იქნება მიღწეული“ ,- თქვა საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ნინო ხუხუამ. ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჩაერთვებიან, სადაც აქტიური მოქალაქეები მათთვის პრიორიტეტულ პრობლემებს წარმოადგენენ.
Print