რუბრიკები
ზუგდიდში სპორტის მუზეუმი გაიხსნა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა.ი.პ. „ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრის“ ბაზაზე სპორტის მუზეუმი გაიხსნა. მას ხელმძღვანელობს ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი როლანდ მაქაცარია, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობებთან დაკავშირებულ ექსპონატებს 10 წელზე მეტია აგროვებს. როლანდ მაქაცარიას თქმით, მუზეუმში ასობით ექსპონატია დაცული, მათ შორის ყველაზე ძველი 1951-1952 წლების ფეხბურთის აფიშაა. „აქ არის სპორტის სხვადასხვა სახეობაში 50-70 წლის წინათ გაცემული თასები, ფოტოები და სხვადასხვა ნივთები. მათი 90% პირადად ჩემს მიერ არის შეგროვილი, დანარჩენი-მოქმედმა სპორტსმენებმა და გარდაცვლილი სპორტსმენების შთამომავლობამ გადმოგვცა“, - თქვა როლანდ მაქაცარიამ. სპორტის მუზეუმი ზუგდიდის გამგეობის წინ მდებარე შენობის მესამე სართულზეა განლაგებული. „ჯერჯერობით აქ ვართ, თუმცა გვინდა, რომ მუზეუმი შენობის პირველ სართულზე იყოს განლაგებული და აქ შემოსვლა ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს“, - ამბობს როლანდ მაქაცარია. ა.ი.პ. „ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრის“ სპორტის მუზეუმის განყოფილებაში ჯერ მხოლოდ ერთი - ხელმძღვანელის შტატია გახსნილი.
Print