რუბრიკები
მდგრადი ენერგეტიკის დღე ზუგდიდში აღნიშნეს (ვიდეო)
მდგრადი ენერგეტიკის დღის აღსანიშნავად ასოციაცია „ათინათისა“ და კავშირის „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“  ორგანიზებით სპორტული შეჯიბრი მოეწყო. ღონისძიება ზუგდიდის დადიანების პარკში გაიმართა და მასში ასოციაცია „ათინათის" ეკო კლუბისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ეკო კლუბების კოორდინატორის მიხეილ როგავას თქმით, მდგრადი ენერგეტიკის დღის ორგანიზება მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობას და ჩართულობას განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში. ამ მიზნით 2009 წლიდან, მსოფლიოს მრავალ ქვეყანასა და მათ შორის საქართველოშიც, მერების შეთანხმების ხელმომწერ ქალაქებში ტრადიციულად იმართება  სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიება. ქალაქებმა და მუნიციპალიტეტებმა, რომლებიც შეუერთდნენ ევროკავშირის „მერების შეთანხმების“ ინიციატივას, აიღეს ვალდებულება საკუთარ მუნიციპალურ ტერიტორიაზე 2020 წლისთვის 20% -ით შეამცირონ C02-ემისიები განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით.
Print