რუბრიკები
ზუგდიდში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს (ვიდეო)
ზუგდიდში „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა“ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები გააცნო. კერძოდ, შეხვედრაზე 85-ე მუხლის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიებსა და ფორმებს გულისხმობს. „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკის თქმით, კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მოიცავს თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებით ფორმებს. „ეს არის დასახლების საერთო კრება ანუ მოსახლეობას უფლება მიეცემა კონკრეტულ დასახლებაში შეიკრიბოს და გარკვეული საკითხები გადაწყვიტოს და ასევე აირჩიოს სოფლის რჩეული. ასევე არის პეტიციის უფლებაზე საუბარი, რომელიც უფრო გამარტივებული არის და შესაძლებლობა ექნება ამ საერთო კრებას წარუდგინოს პეტიცია მუნიციპალიტეტს. პეტიციასთან დაკავშირებით, ადრე თუ იყო საჭირო მთელი რიგი სამართლებრივი ფორმების გავლა, ახლა ეს გაცილებით მარტივი ხდება. სიახლე იქნება ასევე, მრჩეველთა საბჭო, რომლიც უნდა შეიქმნას გამგებლებთან ან მერებთან. ეს იქნება სათათბირო ორგანო, რომლის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ აქტიური მოქალაქეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგნლები, მეწარმეები და სხვა“, - თქვა კოტე კანდელაკმა. „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პეტიციის მიღების კუთხით დაგეგმილი ცვლილება წინ გადადგმული ნაბიჯია, ხოლო რაც შეეხება საერთო კრებებს, კანდელაკს მის ქმედითობაში ეჭვი ეპარება. „კოდექსში ცვლილებების შეტანა თავის დროზე უკეთესი ვარიანტის შეთავაზების მოტივით გადაიდო, თუმცა დღეს წარმოდგენილი ვარიანტი, ვგულისხმობ საერთო კრებებს, გაცილებით უარესია, ვიდრე ის თვითმმართველობის კიდექსში თავის დროზე იყო ჩადებული“, - ამბობს კოტე კანდელაკი. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი ინიცირებულია და მას საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში განიხილავს. აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არის ინიცირებული და მისი ავტორი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.
Print