რუბრიკები
მერიის ეკონომიკის სამსახურმა მოქალაქეებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე : „ზუგდიდის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა - მიღწევები და გამოწვევები“. შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, საჯარო შეხვედრის მიზანია ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში ნახევარწლიანი მუშაობის შედეგების შეჯამება და მუნიციპალური პროექტების ეფექტიანობის შეფასება. მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ჯიმშერ შეროზიამ შეკრებილებს ქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო. მისი განმარტებით, ზუგდიდში უახლოეს მომავალში დაიწყება ორმული გზების შეკეთება, ბოტანიკური ბაღის მოწესრიგება, ყინულის სახლის მშენებლობა, მოსწავლე ახალგაზრდული სასახლის რეაბილიტაცია, 20-ზე მეტი ქუჩაზე გარეგანათების მოწყობა, სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა და სხვა. „ყველა ის სამუშაოები, რომლებიც აქამდე, ასე ვთქვათ, ფარულად მიმდინარეობდა, პირველი 6 თვის განმავლობაში, ვგულისხმობ პროექტირებას და ხარჯთაღრიცხვას - დასრულდა. ივლისის თვიდან ყველა პროექტზე უშუალოდ დაიწყება მუშაობა და მოსახლეობას საშუალება ექნება დააკვირდეს მათ მიმდინარეობას“, – თქვა ჯიმშერ შეროზიამ. გარდა ამისა, მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე მოქალაქეების კითხვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად, სანიაღვრე სისტემებს, გზების შეკეთებას და სხვა მსგავს პრობლემებს ეხებოდა. აღნიშნულ შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მოქალაქეები და სტუდენტები დაესწრნენ.
Print