„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ზუგდიდის მერიის არქიტექტურის სამსახური გააკრიტიკეს (ვიდეო)
14:00 / 03.07.2015
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციამ „ზუგდიდის მომავლისთვის“ დღევანდელ სხდომაზე ექვსთვიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. დეპუტატებს ფრაქციის საქმიანობა საკრებულოს წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ლაშა ფარცვანიამ გააცნო. მან ფრაქციის მუშაობიდან ყველაზე წარმატებულად საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსის შემუშავება დაასახელა. გარდა ამისა, ფარცვანიას თქმით, ისინი აქტიურად ატარებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ახდენენ პრობლემების იდენტიფიცირებას და მუშაობენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.
ამასთან, ფრაქციის მოხსენებაში გაკრიტიკებულია მერიის სხვადასხვა სამსახურები და ნათქვამია, რომ პრობლემებზე რეაგირება არ არის მყისიერი და გადაწყვეტილებების მიღება ჭიანურდება. აქვე, ფრაქცია მერიას უფრო ეფექტური მუშაობისკენ მოუწოდებს.
„აუცილებლად მინდა შევეხო ქალაქის ტერიტორიაზე სარეკლამო ბანერების განთავსების თემას. წინა საკრებულოს სხდომაზე განვიხილეთ ეს საკითხი, რომელმაც საკრებულოს წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როცა საქმე ეხება ქალაქის იერსახეს და მითუმეტეს, მის ისტორიულ ნაწილს, ასე ხელაღებით გადაწყვეტილების მიღება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია. არ შეიძლება ერთი ადამიანის გემოვნებით ხდებოდეს ქალაქის სივრცითი ტერიტორიული მოწყობა. მოვუწოდებთ მერიას, მოიწვიონ კვალიფიცირებული სპეციალისტები და ქალაქის სტრატეგიული ურბანული განვითარების გეგმაზე დაიწყონ მუშაობა“, - თქვა ლაშა ფარცვანიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ლაშა ფარცვანიას სთხოვა დაეკონკრეტებინა, თუ ვის გულისხმობდა იგი, როდესაც „ერთი ადამიანის გემოვნებას“ ახსენებდა. ფარცვანიამ თქმით, ის არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ეკატერინე თოდუას გულისხმობდა.
სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ეკატერინე თოდუა ფრაქციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ქალაქის სივრცითი ტერიტორიის მოწყობას ის ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტს.
„ეს საკითხი განიხილეს მერიაში. ამის შემდეგ მოხდა საკრებულოში საკითხის კომისიური განხილვა. საკითხი საკრებულოს სხდომაზე სწორედ კომისიამ გაიტანა და დამტკიცდა ხმათა უმრავლესობით. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ამის შემდეგ ითქვას, რომ ეკა თოდუა ერთპიროვნულად წყვეტს საკითხს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ეკატერინე თოდუამ.
ქალაქის ტერიტორიაზე 34 გარე რეკლამა განთავსდება. აღნიშნული საკითხი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით 26 ივნისის სხდომაზე მიიღო. გარე რეკლამების განთავსების საკითხს მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა.
მასალის გამოყენების პირობები