ზუგდიდში ავტო და მოტომოყვარულთა რეგიონული შეჯიბრი გაიმართა (ვიდეო)
16:24 / 04.07.2015
ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე, დღეს ავტო და მოტომოყვარულთა რეგიონული შეჯიბრი გაიმართა.
ღონისძიებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტო-მოტომოყვარულებთან ერთად მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებმაც მიიღეს.
ერთმანეთს შეეჯიბრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები. პირველი ადგილის მფლობელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით გოგუა გახდა, მეორე ადგილზე ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, მესამე ადგილზე კი ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია გავიდა. ავტო-მოტომოყვარულთა შოუ საქველმოქმედოა და შემოსული თანხა თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.
შეჯიბრის ორგანიზატორი „Western Drivers Club – სამეგრელო“-ა. ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახლემწიფო რწმუნებულის აპარატის მხარდაჭერით ტარდება. შეხვედრის სპონსორები „ვისოლი“, „კოკა-კოლა“ და „სოკარი – ყულევის ნავთობ ტერმინიალი“ არიან.
ორგანიზატორებმა რეგიონული შეჯიბრის დაწყებამდე, 2 ივლისს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში "პრომო მარში" გამართეს, რომელშიც მონაწილეობა ავტო და მოტო მოყვარულებმა მიიღეს. მარშს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია მიუძღოდა. ავტო და მოტომოყვარულებმა ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშის, მარტვილის და ჩხოროწყუს ქუჩები შემოიარეს.
მასალის გამოყენების პირობები