რუბრიკები
ზუგდიდში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება გრძელდება და 2015 წლის 29 ივნისიდან ქვეყნის მასშტაბით დარჩენილ რეგიონებს კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, შიდა ქართლს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, გურიასა და აჭარას დაფარავს. აღნიშნული პროგრამის ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაცნობის მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საინფორმაციო სახის შეხვედრები მიმდინარეობს. პროგრამა აბაშაში, სენაკში, ფოთსა და ზუგდიდში წარადგინეს, სადაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ხელშეწყობის პროგრამაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს. მოსახლეობას პროგრამის შესახებ ინფორმაცია მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი ციკოლიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ კახაბერ რუსიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილემ ნუგზარ გაბელიამ და რეგიონებში პროგრამის უშუალო განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, გურიასა და აჭარაში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წლის 29 ივნისიდან დაიწყო, 3 აგვისტოს კი ბიზნეს იდეების კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდება, რომელიც შერჩეული ბიზნეს იდეის განხორციელებაში ჩართული მეწარმე სუბიექტის 5000 ლარის ოდენობით (მეწარმეთა ორ კაციანი ჯგუფის შემთხვევაში 10 000 ლარი, ხოლო სამ კაციანი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში კი 15 000 ლარის ოდენობით) თანადაფინანსებას გულისხმობს. განაცხადების მიღება www.qartuli.ge ვებ გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი და კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული დავალიანება, არის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი ან მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე. პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 20 000 000 ლარი, ფინანსური მხარდაჭერის ხანგრძლივობის ვადად კი 26 თვე განისაზღვრა.  
Print