ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრის ბათლომე შელიას ინფორმაციით, „უსინათლოთა კავშირის“ ყოფილ შენობაში ჩასახლებულ დევნილებს არ მიეწოდებათ გაზი. ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მან საკრებულოს თავმჯდომარეს და საოციალური კომისიის სამსახურს საკითხით დაინტერესება სთხოვა.
„მათ ზამთარში უწევთ შეშის მომარაგება, როდესაც გაზის მთავარი მაგისტრალი იქვე გადის და წლებია, იქ ჩასახლებულ 14 ოჯახს გაზი არ მიეწოდება. ირგვლივ ყველას გაზი აქვს, მათ კი არა... მათ მე ადგილზე ვესაუბრე და უყურადღებობის განცდა აქვთ“, - თქვა ბათლომე შელიამ.
მან, ასევე თხოვნით მიმართა სოციალური საკითხების კომისიის თავმჯდომარეს ნატალია შეროზიას, შეესწავლა იმავე დასახლებაში მცხოვრები გოგოხიების ოჯახის პრობლემები.
„ამ დასხლებაში ცხოვრობს გოგოხიების ორი ოჯახი, ორივეს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს. მათ ბავშვები საავადმყოფოში ჰყავდათ და რატომღაც ისე აღმოჩნდა,რომ საავადმყოფოში რაღაც დავალიანებები აქვთ მაშინ, როდესაც მცირეწლოვან ბავშვებზე მკურნალობის ხარჯები სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ“, - აღნიშნა მან.
საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ სოციალური საკითხების კომისიის თავმჯდომარეს საკითხის შესწავლა დაავალა.
მასალის გამოყენების პირობები