რუბრიკები
ზუგდიდში „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს (ვიდეო)
მოძრაობა “სამეგრელოს” ინიციატივით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე კანონპროექტი „სახელმწიფო ენის შესახებ“ გააპროტესტეს. შეხვედრას 50 - მდე ადამიანი დაესწრო. მოძრაობა „სამეგრელოს“ ხელმძღვანელმა ზურაბ კვარაცხელიამ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში დღეს მესამე მოსმენით მიიღებენ, უგულვებელყოფს ქართველურ ენებს (მეგრული სავანური და ლაზური) და არ ზრუნავს მათ დაცვაზე. მისი თქმით ამ ენების არსებობასა და განვითარებას საფრთხე ემუქრება. „ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა, ჩვენ უნდა გადავრჩეთ ისეთები, როგორებიც ვართ! როცა მოკვდება ჩვენი ენა - მოვკვდებით ჩვენც! მე ახლა ვგრძნობ, რომ მიახლოვდება სიკვდილი, მიახლოვდება სახელმწიფო აგონია და ვაპროტესტებ ამას“, - განაცხადა ზურაბ კვარაცხელიამ. შეხვედრის მონაწილეების კითხვაზე, აქვს თუ არა აზრი ამ ბრძოლას, როდესაც კანონპროექტს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაამტკიცებენ, მოძრაობის ხელმძღვანელმა ზვიად გამსახურდიას სიტყვებით უპასუხა: “ყველა ბრძოლას აქვს შედეგი!“. მოძრაობა „სამეგრელო“ სპეციალური რეზულუციის შემუშავებასა და პარლამენტში გაგზავნას გეგმავს. საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტი 17 ივლისს მესამე მოსმენით განიხილა. მათივე ცნობით, კომიტეტის თავმჯდომარის, ივანე კიღურაძის განმარტებით, კანონპროექტი ქმნის პირობას, რომ ქვეყანამ ენობრივი პოლიტიკა განახორციელოს იმ პოზიტიური გამოცდილების საფუძველზე, რომელიც ისტორიამ მრავალეროვანი თანაცხოვრების საფუძველზე ჩამოაყალიბა საქართველოში. კიღურაძეს მიაჩნია, რომ კანონპროექტი ამზადებს სამართლებრივ საფუძვლებს საქართველოს ყოველი მოქალაქის სამოქალაქო უფლებათა სრული და თანაბარი რეალიზაციისათვის და წარმოადგენს ქვეყნის მოქალაქეების გაუცხოებისა და საზოგადოებრივი პირობების მიმართ არათანასწორუფლებიანობის, დისკრიმინაციული მდგომარეობის დაძლევის ცივილურ გზას. "კანონპროექტში გაწერილია ადმინისტრაციული სანქციების გამოყენების შესაძლებლობა, მაგრამ როგორც სხდომაზე აღინიშნა, ადმინისტრაციული ჯარიმების გამოყენებამ უნდა უზრუნველყოს ენობრივი ნორმების დაცვა და შექმნას პრევენციული გარემო პოტენციური დამრღვევების გაფრთხილების მიზნით. კანონპროექტის თანახმად, ამ შემთხვევაში სანქციები ერთნაირად ვრცელდება სახელმწიფო და კერძო სექტორზე. კანონპროექტი განსაზღვრავს მხოლოდ სახელმწიფო და არასახელმწიფო ენების ცნებებს. მისი რეგულირების სფერო მოიცავს სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ფარგლებს. არასახელმწიფო ენის ცნება კი გულისხმობს ყველა სხვა ენას, რომლითაც შეიძლება საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მცხოვრები სხვა პირები სარგებლობდნენ პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ენობრივი პოლიტიკის განხორციელების წარმმართველ ორგანოებად კანონპროექტი ასახელებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას. სახელმწიფო ენის დაცვის ორგანოებიდან ცალკე გამოყოფილია ორი სპეციალიზებული ინსტიტუტი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი პროექტში მოაზრებულია, როგორც პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო, რომელიც საჯარო სამათლის იურიდიული პირია. დეპარტამენტი განახორციელებს კონტროლს და ზედამხედველობას ,,სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის აღსრულებაზე. მას უფლება ექნება კანონის დამრღვევთა მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომები, რომლებიც დგინდება ამ კანონის შესაბამისი მუხლებით. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას", - ნათქვამია მასალაში.  
Print