განმუხურის სტადიონთან დაკავშირებით ყოფილი და ახალი მთავრობები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
10:31 / 23.07.2015
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებსა და სამეგრელო ზემო - სვანეთის სამხარეო ადმისნიტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინატორს შორის განმუხურის სტადიონის მოუვლელობის თემაზე მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან მაქაცარიამ ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა დაინტერესდნენ ამ თემით და ყურადღება მიაქციონ სტადიონს, რომელიც დღემდე მოუვლელია.
სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლის დავით კოდუას თქმით, სტადიონის ტერიტორია, ისევე როგორც საკურორტო ზონის სხვა მიწები სადაოა და მისით არ ინტერესდებიან ინვესტორები. კოდუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს უკანონოდ იქნა მოქალაქეებისთვის მიწები ჩამორთმეული, დღეს კი მესაკუთრეებს მისი დაბრუნება სურთ.
მისივე თქმით უახლოეს დღეებში,დაახლოებით 29 ივლისისთვის მოწესრიგდება,როგორც სტადიონი ასევე მისი მიმდებარე ტერიტორია.
ოპოზიციური პარტიის განცხადებაზე საპასუხო კომენტარი გააკეთა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ.მისი განცხადებით,მიწის ნაკვეთზე სადაც ამჟამად სტადიონია საკუთრების შესახებ პრეტენზიებს 4 მოქალაქე აცხადებს, რომლებმაც დახმარებისთვის თავად მიმართეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, მოქალაქეებთან მოლაპარაკება. დავის გადაწყვეტის შემდეგ კი სტადიონი აუცილებლად მოწესრიგდება და მისით სარგებლობას შეძლებენ ზუგდიდის საფეხბურთო გუნდები „ლაზიკა“ და „ზუგდიდი“. განაცხადა ლაშა გოგიამ.
მასალის გამოყენების პირობები