დღეს ზუგდიდის ბულვარში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა ბულვარის ტერიტორიაზე ფოტოსურატები გამოფინეს, რომლებზეც, ქუჩები და შენობები პანდუსების გარეშე იყო ასახული.ასევე , ხეებზე გაკრული იყო 15 წლის ლინდა ქარდავას წერილი, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე , მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე, ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ადაპტირებულ გარემოს ითხოვს, რადგან მას ქალაქში დამოუკიდებლად გადადგილება სურს. აქცია საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საუნჯე“ ახალგაზრდული კლუბის მიერ იყო ორგანიზებული. მას მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და ქალაქ ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მერიის მშენებლობის სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების უფროსმა რომან დარასელიამ თქვა, რომ მერია გაითვალისწინებს აქციის მონაწილეების მოთხოვნას და დასძინა, რომ მერია უახლოეს მომავალში მოაგვარებს ამ პრობლემას.
მასალის გამოყენების პირობები