"დაიცავი საქართველოს" წევრი საკრებულოს თავმჯდომარის ცოლის ძმას მუქარაში ადანაშაულებს (ვიდეო)
18:14 / 24.07.2015
მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ წევრი ალექსანდრე (საშა) მოლაშხია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას ძმას, თემურ თოდუას მუქარასა და პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მოლაშხიამ დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ალექსანდრე მოლაშხია ამბობს, რომ თემურ თოდუა მას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება. ის ამ ფაქტს რამდენიმე თვის წინ მათ შორის მომხდარ უთანხმოებას უკავშირებს. მისივე თქმით, მომხდარის გამო ის თემურ თოდუას სასამართლოში უჩივლებს.
„როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ თავს დამესხა საკრებულოს თავმჯდომარის ცოლის ძმა თემურ თოდუა. მაშინ ის ჩემგან ითხოვდა პასუხს, თუ რატომ გავიზიარე ფეისბუკზე ვიდეო, რომელიც მის დაკავების შესახებ მოიცავდა ინფორმაციას. ის დღეს გამგეობის შენობის წინ დღის 3 საათზე შემხვდა და მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხმამაღლა მიყვიროდა და მემუქრებოდა, რომ ფეხებს მომამტვრევდა“, - თქვა ალექსანდრე მოლაშხიამ.
ამასთან, ალექსანდრე მოლაშხია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს ქალაქ ზუგდიდის თვითმმართველობისა და გუბერნიის თანამშრომლები ნარკოლოგიურ ტესტზე შემოწმდნენ.
თემურ თოდუა მასა და ალექსანდრე მოლაშხიას შორის მომხადრ ინციდენტს არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მათ შორის პირადი უთანხმოებაა და მოლაშხია ამას პოლიტიკურ ელფერს აძლევს.
მასალის გამოყენების პირობები