რუბრიკები
ასოციაციაში „დეა“ შშმ პირების უფლებებზე იმსჯელეს (ვიდეო)
ასოციაციში „დეა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების გათვითცნობიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მექანიზმებისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის საქმეში მათი თანამონაწილეობის გაზრდა. შეხვედრაზე განიხილეს შესაძლებლობათა შეზღუდვის მოდელები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საფუძვლები სახელმწიფო პოლიტიკის, ეროვნული კანონმდებლობის, ოტავის კონვენციის, გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციისა და სხვა სამართლებრივი მექანიზმები. „მეტი აქცენტი გაკეთდა გაეროს შშმ პირების კონვენციაზე. მოგეხსენებათ, რომ ეს კონვენცია არათუ ხელმოწერილია, არამედ რატიფიცირებულია 2013 წლის 26 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2014 წელს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ დონეზე, ეს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობა თუ ცენტრალური ხელისუფლება, თითოეულმა მათგანმა თავისი პასუხისმგებლობა და ვალდებულება იგრძნოს ამ კონვენციის წინაშე, რადგან სულ მალე - 2 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება ამ მიმართულებით ანგარიში წარუდგინოს გაეროს“, - ამბობს „დეას“ ხელმძღვანელი მადონა ხარებავა. სადისკუსიო შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
Print