ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული. საქართველოში 200 000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს. სახელმწიფომ ბოლო წლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად: 2014 წლის 1 მარტს დაიწყო მკურნალობის უფასო პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; 2014 წლის 1 ივლისადან შესაძლებელი გახდა ფასდაკლებული პრეპარატების შეძენა. 2015 წლიდან ხელმისაწვდომია ახალი პრეპარატით (სოფოსბუვირით) უფასო მკურნალობა 5000 პაციენტისთვის. საქართველო შეირჩა ამ ინფექციის ელიმინაციის (ქვეყნის მასშტაბით აღმოფხვრის) პროგრამის განსახორციელებლად.
პაციენტთა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზაციები ამ მიზნით კამპანიას –„ცოტაC“ აწყობენ, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება და ეხმიანება სახელმწიფოს მიერ გადადგმულ მრავალ ქმედით ნაბიჯს. კამპანია მიზანად ისახავს მხარი დაუჭიროს მკურნალობის პროგრამის პირველი ფაზის განხორციელებას; ასევე, მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთოს ელიმინაციის გრძელვადიანი პროგრამის შემუშავების პროცესში.
ზუგდიდში ღონისძიების ორგანიზატორია ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონი".
დღის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
– მრგვალი მაგიდა _ დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო – ზემო სვანეთის განყოფილებასთან ერთობლივად.
– საინფორმაციო აქცია, რომელიც სტარტს აიღებს ასოციაცია "ქსენონის" ოფისიდან და გაგრძელდება ზუგდიდის ცენტრალური ბულვარსა და განმუხურის სანაპიროზე.
აქციაზე, პროგრამით უკვე მოსარგებლე და კანდიდატი პაციენტები, მათ მხარდამჭერებთან ერთად გაავრცელებენ სპეციალურად შემუშავებულ საინფორმაციო მასალას.
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ასევე მოეწყობა ფოტო–სესია, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიმართ.
კამპანიას „ცოტაC”-ს ზუგდიდი შეუერთდა (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები