სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება.
ამ დაავადების მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება.
დაუნის სინდრომი არის ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.
დაავადება პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა. მან 1866 წელს ინგლისში გამოაქვეყნა ესსე, სადაც აღწერა იმ ბავშვების ჯგუფი, რომლებიც საერთო ნიშნით გამოირჩეოდნენ დანარჩენებისაგან.
2006 წლის 21 მარტს პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.
21 მარტს ეს დღე საქართველოშიც აღნიშნება, ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
მასალის გამოყენების პირობები