მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
17:40 / 29.07.2015
დღეს ზუგდიდში ეკონომიკის სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგნლებმა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კომპონენტის „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“ პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში გაიმართა და მას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლის სალომე მაჭავარიანის თქმით, პროგრამის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს წაახალისოს რეგიონში ახალი ბიზნესების წამოწყება, დანერგოს ინოვაციები და ხელი შეუწყოს უკვე არსებული მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარებას.
მისივე განმარტებით, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, აღნიშნული პროგრამა ასევე ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევას ტრენინგ/სემინარებისა და გადამზადების კურსებს.
„განაცხადების მიღება ხდება ონლაინ და შესაბამისი აპლიკაციის შევსება შეუძლიათ თვრამეტ წელს ზემოთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. დღევანდელ შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა და არასამთავრობო სექტორისთვის შესაძლებლობა ინფორმაცია გაუზიარონ როგორც თავიანთ თანამშრომლებს, ასევე ბენეფიციარებს“, - თქვა სალომე მაჭავარიანმა.
პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია და ის 26 თვის განმავლობაში გაგრძელდება. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ერთ მეწარმეზე 5 000 ლარით განისაზღვრება, ორი მეწარმის შემთხვევაში დაფინანსება 10 ათასი ლარი იქნება, ხოლო მეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში 15,000 ლარი . ბენეფიციარების მხრიდან თანამონაწილეობის წილი 20% უნდა შეადგენდეს.
მასალის გამოყენების პირობები