ქალები თვითმმართველობებში - " საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევის პრეზენტაცია (ვიდეო)
16:48 / 30.07.2015
დღეს ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ ახალი კვლევის - გენდერული ბალანსი დასავლეთ საქართველოში მუნიციპალიტეტებში პრეზენტაცია გამართა. არასამთავრობომ აღნიშნულთან დაკავშირებით, კვლევა დასავლეთ საქართველოს 37 მუნიციპალიტეტში ჩაატარა. შეხვედრა არტ-გალერეაში გაიმართა და მას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. კვლევის შედეგები შეკრებილებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ წარუდგინა. ამასთან, გენდერულ თანასწორობაზე მოხსენება გააკეთა საქართველოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში სტეის ზიბელმა.
„ საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დასავლეთ საქართველოს საკრებულოებში 1086 მანდატიდან, ქალებმა სულ 134 მანდატი მოიპოვეს, რაც საერთო რაოდენობის 12%-ს შეადგენს.
ამავე კვლევის მიხედვით, 37 მუნიციპალიტეტს შორის მხოლოდ ორ ქალაქს- ოზურგეთისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს ჰყავს ქალი თავმჯდომარე. რაც შეეხება, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, ქალები აღნიშნულ პოზიციას მხოლოდ სამ მუნიციპალიტეტში - ოზურგეთის თემის, ხარაგაულისა და თერჯოლის საკრებულოებში იკავებენ.
აგრეთვე, დასავლეთ საქართველოს საკრებულოების 185 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს შორის მხლოდ 32 ქალია, რაც საერთო რაოდენიობის 17%-ს არ აღემატება.
კვლევის თანახმად, საკრებულოების 217 ფრაქციიდან ქალი თავმჯდომარე მხოლოდ 18 ფრაქციას ჰყავს,რაც საერთო რაოდენობის 8%-ის ტოლია. საკრებულოს აპარატებში კი, კვლევის მიხედვით, ქალები და მამაკაცები მეტ-ნაკლებად თანაბრად არიან წარმოდგენილი.
რაც შეეხება, 37 მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და მერებს, 95 მოადგილეებთან ერეთად, ამ პოზიციებზე მხოლოდ 8 ქალია წარმოდგენილი.
„მთლიანობაში შეიძლებება ითქვას, რომ 37 მუნიციპალიტეტში ქალთა წარმომადგენლობა ძალიან დაბალია. ჩვენი ორგანიზაცია მოუწოდებს, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, განახორციელონ ქმედითი ნაბიჯები, რათა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, მამაკაცებთან ერთად, ქალები თანაბრად იყვნენ წარმოდგენილნი, რათა მონიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასახავდეს ყველა სოციალური ფენის ინტერესებს“, - თქვა არჩილ თოდუამ.
მასალის გამოყენების პირობები