მარიამობის დღესასწაულზე,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში გრანდიოზული მარულა გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების პირველი პირები ესწრებოდნენ.
ცხენოსნები ერთმანეთს მარულაში, ყაბახსა და მოქნევაში შეეჯიბრნენ. გამარჯვებულები 4 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდა. ერგეტაში ცხენოსანთა შეჯიბრთან ერთად სხვადასხვა კულტურული და სპორტული ნომრების ჩვენებაც გაიმართა. მარულასთან ერთად ფალავნები ერთმანეთს ქართულ ჭიდაობაში შეეჯიბრნენ. სანახაობა ხალხური სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით წარიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ცხენოსნებმა მიიღეს.
ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
პროექტი მივიწყებული ტრადიციების აღდგენა-პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. გუბერნატორ ლევან შონიას თქმით, მომავალ წელს მარულა ბევრად მასშტაბური იქნება. "ჩვენ მოვიწვევთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს ამ ღონისძიებაზე იმერეთიდან, გურიიდან, აჭარიდან და ეს იქნება დიდი სახალხო დღესასწაული. მომავალ წელს უფრო გრანდიოზულ და სანახაობრივ მარულას გავმართავთ,“ - განაცხადა ლევან შონიამ.
შეჯიბრის დასასრულს გუბერნატორმა უხუცეს ცხენოსნებს საჩუქრები გადასცა. გამარჯვებულები კი ფულადი ჯილდოებით ღონისძიების სპონსორებმა: "კოკა-კოლამ" და VTB-ბანკის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. საინფორმაციო მხარდაჭერები იყვნენ: რადიო "ათინათი", ინტერნეტგამოცემები: ლაივპრესი, სამეგრელოს მედია ორგანიზაცია, ოდიშინიუსი და პრესნიუსი.
მარიამობის დღესასწაულზე სოფელ ერგეტაში მარულა გაიმართება
მასალის გამოყენების პირობები