სოფელ დარჩელში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული თხილის საწარმო გაიხსნა(ვიდეო)
14:54 / 29.08.2015
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული თხილის საწარმო გახსნა. „თხილის საწარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თხილის საწარმო თვენახევარში აშენდა, სადაც შესაძლებელია დღიურად 24 ტონა თხილის გაშრობა და ერთდროულად 500 ტონა თხილის დასაწყობება. საწარმო 5 წლიანი იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „დარჩელის თხილი“, რომელშიც 542 მეპაია გაერთიანებული",-განაცხადა ოთარ დანელიამ.მისივე თქმიტ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციამ სოფლად სიღარიბის დაძლევასა და ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. თითოეული გამრჯე მეწარმისთვის, გლეხისთვის თუ ფერმერისთვის წარმატებული, თანამედროვე, განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობისთვის უალტერნატივოა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანება. მისივე თქმით, კოოპერაციის განხორციელებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ფერმერებს/გლეხებს, მეწარმეებს მინიმალური დანახარჯით მიიღონ მაქსიმალური შედეგი-დანერგონ ახალი ტექნოლოგიები, შეუმცირდეთ დანახარჯები, გაეზარდოთ მოსავლიანობის მაჩვენებელი. სახელმწიფო პროგრამები მიმართულია სწორედ კოოპერაციის წახალისებისთვის ქვეყანაში, დარჩელის თხილის საწარმო ამის ნათელი მაგალითია.
პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვის შემდეგ კოოპერატივი უფლებამოსილია მოითხოვოს იჯარით აღებული ქონების პირდაპირი მიყიდვების წესით მისთვის გადაცემა.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს პროგრამაში მონაწილე კოოპერატივისთვის შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების ხელშეწყობას, რათა დაინერგოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის ( Global GAP) და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) სტანდარტი.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის დადგენილებით, ა.წ 10 ივნისიდან დაიწყო „თხილის წარმოების განვითარება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები