ზუგდიდში ბიზნესმენმა რ. ჩ.-ამ ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. მძიმედ დაჭრილი ბიზნესმენი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსების ცნობით, იგი ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო. მათივე თქმით, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული და იგი სავარაუდოდ ადგილზე გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების ცნობით, მასთან დილით მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ მისულები და ფაქტი სწორედ ამის შემდეგ მოხდა. გარდაცვლილი ბიზნესმენი საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილით მიიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობა გარდაცვლილის საქმიანობას უკავშირდება. მას ბიზნეს-საქმიანობაში პრობლემები შეექმნა. საქმეზე მოკვლევას შსს-ს თანამშრომლები აწარმოებენ.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. იმყოფებიან თუ არა ამ დროისთვის თვითმხილველები ან ამ საქმეში სავარაუდო მონაწილე პირები დაკითხვაზე, შსს-ში რადიო "ათინათს" არ უდასტურებენ.
მასალის გამოყენების პირობები