თებერვალში, შემოსავლების სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე სოციალური დახმარება 17 781 ოჯახს შეუწყდა და შეუჩერდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ნოე ქინქლაძე აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, შეწყვეტილი დახმარების აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს 8 073 ოჯახმა მომართა. 2013 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით შეწყვეტილი დახმარება 2 721 ოჯახს აღუდგება, ხოლო შეჩერებული დახმარება 905 ოჯახს, რაც საერთო რაოდენობის 20,4%-ს შეადგენს. 30 ოჯახის საქმე საგამოძიებო ორგანოებს გადაეცა, რადგანაც მათ მაღალი შემოსავლები უფიქსირდებოდათ.
თუ რამდენ ოჯახს შეუწყდა სოციალური დახმარება სამეგრელო-ზემო სვანეთში რადიო „ათინათი“ სამეგრელო -ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან ზურაბ ეგუტიასთან არკვევდა. ეგუტიას განცხადებით დღეის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით,თებერვალში ფულადი შემწეობა 809 ოჯახს შეუწყდა, 518– მა ოჯახმა ხელახლი განაცხადი შემოიტანა და ამჟამად მიმდინარეობს ამ ოჯახების სოციალური მდგომარეობის გადამოწმება.
რეგიონში 6738 ოჯახს საოციალური დახმარება ამ ეტაპზე შეუჩერდათ, მათგან იმ ოჯახებს, რომლებიც სოციალური შემოწმების შემდეგ დაბალ ქულას მიიღებენ,სოციალური დახმარება აღუდგებათ, ხოლო მაღალი ქულის მიღების შემთხვევაში კი შეუწყდებათ.
რადიო „ათინათის“ კითხვაზე იგეგმება თუ არა სამომავლოდ სოციალური დახმარების ზრდა, ზურაბ ეგუტიამ უპასუხა,რომ მიმდინარეობს პროექტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ ივლისის თვეში, სოციალური დახმარება გაიზრდება.
მასალის გამოყენების პირობები